24 ივნისს საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის მესამე კორპუსში (ლ. გუდიაშვილის ქ. 7) „მადლიერების კედელი" გაიხსნა.
ვიზიტორები ეროვნული ბიბლიოთეკის მარჯორი და ოლივერ უორდროპების სახელობის ანგლო-ამერიკული დარბაზის კედელზე საგანგებოდ დამონტაჟებულ მონიტორზე წაიკითხავენ ცნობებს იმ ადამიანთა შესახებ, რომელთაც უდიდესი წვლილი შეიტანეს ქართული ენის, კულტურის, საბუნებისმეტყველო დარგების, ლიტერატურის, არქიტექტურისა და სხვა სფეროების განვითარებაში, საერთაშორისო ასპარეზზე გატანასა და პოპულარიზებაში. ზოგიერთი მათგანი საქართველოში ამა თუ იმ დარგის ფუძემდებელიც კია. ჩამონათვალში ასევე არიან ადამიანები, რომლებიც ათეული წლების განმავლობაში საქართველოს დამოუკიდებლობის აქტიური მხარდამჭერები იყვნენ. ეროვნულმა ბიბლიოთეკამ, მადლიერების ნიშნად, ამ ადამიანთა შესახებ ცნობები შეაგროვა და მუდმივად განახლებადი ელექტრონული ბაზა შექმნა, რომელიც კედელზე განთავსებული მონიტორის საშუალებით შეახსენებს საზოგადოებას მათ სახელებს. პროექტის სიმბოლური სახელწოდება „მადლიერების კედელიც" აქედან მომდინარეობს.
„მადლიერების კედელი" არის ჩვენი საზოგადოების მეხსიერების, კულტურული მადლიერებისა და ისტორიული სამართლიანობის სიმბოლო. ყოველი ერი არსებობს არა მხოლოდ საკუთარი მიღწევებით, არამედ იმ ადამიანების ღვაწლითაც, რომლებმაც მის განვითარებას, კულტურას, მეცნიერებასა და თავისუფლებას საკუთარი ცხოვრების თუნდაც ერთი ნაწილი მიუძღვნეს. ხშირად ვიხსენებთ დიდ ქართველ მოღვაწეებს, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია იმ უცხოელთა ხსოვნის შენარჩუნება, რომლებმაც საქართველო თავიანთი ინტერესის, სიყვარულისა და შემოქმედების ნაწილად აქციეს. სწორედ ამ იდეიდან დაიბადა „მადლიერების კედელი". აქ წარმოდგენილი ადამიანები განსხვავდებოდნენ ენით, ეროვნებით, რელიგიითა და ცხოვრების გზით, მაგრამ ერთ რამეს იზიარებდნენ - განსაკუთრებულ დამოკიდებულებას საქართველოსადმი. ჩვენ არ ვხსნით მხოლოდ კედელს, ჩვენ ვხსნით მეხსიერების, პატივისცემისა და მადლიერების სივრცეს, რომელიც მომავალ თაობებს შეახსენებს, რომ საქართველო ყოველთვის არის და იქნება ქვეყანა, რომელიც აფასებს მეგობრობას, კულტურულ თანამშრომლობასა და ადამიანურ ღვაწლს", - განაცხადა იდეის ავტორმა, ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა კონსტანტინე გამსახურდიამ.
პროექტის მნიშვნელობა შეაფასეს ეროვნული ბიბლიოთეკის მეცნიერების, კულტურისა და სამოქალაქო განათლების დეპარტამენტის დირექტორმა ემზარ ჯგერენაიამ, ხელოვნების სასახლის დირექტორმა გიორგი კალანდიამ. პროექტის შექმნის პროცესზე ისაუბრა ელექტრონული ბაზის ავტორმა, ქართველოლოგიის განყოფილების თანამშრომელმა ირმა სისაურმა.